Tuesday, July 19, 2016

საუნივერსიტეტო სისტემა
გერმანიაში ფუნქციონირებს 240 სახელმწიფო და 100–მდე კერძო უნივერსიტეტი
გერმანული უნივერსიტეტები დღეს განსაკუთრებით პოპულარულნი არიან მსოფლ...იო საგანმანათლებლო ბაზარზე. უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მიხედვით გერმანია იკავებს მესამე ადგილს აშშ-ის და ინგლისის შემდეგ.
გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებზე მაღალ მოთხოვნას უპირველეს ყოვლისა განაპირობებს სწავლების უაღრესად მაღალი დონე. აქ ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები ჰარმონიულადაა შერწყმული მეცნიერების და ტექნიკის უახლეს მიღწევებთან. გერმანიაში ძლიერ უნივერსიტეტებად ტრადიციულად ითვლება ტექნიკური, ფილოსოფიური და სამედიცინო მიმართულების მქონე უნივერსიტეტები.
გერმანული დიპლომი მიღებული და აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლონიის პროცესი
გერმანია მიეკუთვნება ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც პირველებმა მოაწერეს ხელი 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციას ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესახებ.
ბოლონიის პროცესის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ორდონიანი სწავლების სისტემა: ბაკალავრი (BA – Bachelor)– მაგისტრი (MA - Master). ამასთანავე რიგ ქვეყნებმა უკვე აღიარეს ასპირანტურა (Promotion) მესამე დონედ.
აკადემიური მოსწრების შეფასება ბოლონიის პროცესის ფარგლებში ხორციელდება ცოდნის ჩათვლის ევროპული სისტემით (ECTS - EuropeanCreditTransferSystem). ECTS აფასებს სტუდენტების დატვირთვას სასწავლო მასალების მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის წარმატებით დასასრულებლად. ერთი საკრედიტო ერთეული ECTS შეესაბამება სასწავლო დატვირთვის 30 საათს.

უმაღლესი განათლება
საშუალო განათლება გერმანიაში, რომლის დასრულების შემდეგ აბიტურიენტს უფლება ეძლევა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა, მოიცავს სწავლების 13 წელს. მე–13 წლის დასასრულს ტარდება დამამთავრებელი (საქართველოს მაგალითზე შესაძლებელია შევადაროთ საატესტატო გამოცდებს) გამოცდები – Feststellungsprufung. სწორედ ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი მოიპოვებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას. მისაღები გამოცდები გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში არ ბარდება.
გერმანული სკოლების მე–12 და მე–13 კლასებში სწავლის დონე ძალიან მაღალია! საერთაშორისო კლასიფიკაციის ISCED მიხედვით ( ეს არის იუნესკოს მიერ მიღებული განათლების სტანდარტების კლასიფიკაცია) მე–12 და მე–13 კლასები შეესაბამება უმაღლესი სასწავლებლების 1 და მე–2 კურსს! აქედან გამომდინარე მოთხოვნები გერმანიაში სწავლის მსურველთა მიმართ საკმაოდ მაღალია.
გერმანიაში საბაკალავრო პროგრამები 3-4 წელიწადს, ხოლო სამაგისტრო– 1 ან 2 წელიწადს მოიცავს.
სასწავლო წელი აქ იყოფა 2 სემეტრად. ზამთრის სემესტრი იწყება როგორც წესი ოქტომბრის თვეში, ზაფხულის სემესტრი-აპრილში. სწავლისგან თავისუფალი დრო განკუთვნილია გამოცდების ჩასაბარებლად და პრაქტიკის გასავლელად.

უმაღლესი სასწავლებლები
გერმანიის სახელმწიფო და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე კერძო უმაღლესი სასწავლებლები იყოფა ძირითად სამ კატეგორიად:
უნივერსიტეტები (Universitaeten, Uni)
პროფესიული უმაღლესი სასწავლებლები (Fachhochschulen, FH)
ხელოვნების, კინოსა და მუსიკის კოლეჯები (Musik- und Kunsthochschulen)
დღეს გერმანიის სასწავლო დაწესებულებებში სწავლობს 250,000–მდე უცხოელი სტუდენტი, მათ შორის 3,300 ქართველი
გერმანიაში სწავლა უფასო ან საკმაოდ იაფია
მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს უფასო უმაღლეს განათლებას, და გერმანია სწორედ ერთერთი მათგანია.
ამიტომ მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებელობის გარდა სწორედ უფასო სწავლა წარმოადგენს არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს, რის გამოც უცხოელი სტუდენტები უმაღლესი განათლების მიღების ადგილად ირჩევენ გერმანიას.
ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია უნივერსიტეტბში შემოღებულ იქნას მინიმალური, სემესტრული შენატანები (100-600 ევრომდე წელიწადში). მაგრამ ბევრ უნივერსიტეტში ეს გადასახადიც არ არსებობს. სტუდენტები იხდიან მხოლოდ უნივერსიტეტში რეგისტრაციის თანხას (50 ევრო).